მოლდოვაში 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობების მომზადების საქმესთან დაკავშირებით 50-ზე მეტ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა
მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობების მომზადების საქმესთან დაკავშირებით 50-ზე მეტ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა 35 მოქალაქესთან კიშინეუსა და სხვა დასახლებებში.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, ეჭვმიტანილები სისტემატურად მიემგზავრებოდნენ სერბეთში, რათა მონაწილეობა მიეღოთ მომზადებაში, რომელიც, სამართალდამცველების მტკიცებით, მიმართული იყო მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ.
პოლიციის ცნობით, სწავლება ტარდებოდა უცხოელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ერთ-ერთ ბანაკში.
ჩხრეკის დროს ძალოვანებმა ამოიღეს მობილური ტელეფონები, სიმბარათები, საბანკო ბარათები, მათ შორის რუსული ბანკების, უცხოური ვალუტა, მათ შორის 3 350 სერბული დინარი. ასევე აღმოჩენილია 20-ზე მეტი ბიომეტრიული პასპორტი სერბეთის საზღვრის კვეთის ბეჭდებით, ბინოკლი, კალაშნიკოვის ავტომატის მაკეტი და სხვადასხვა კალიბრის ტყვიები.
სამართალდამცველების მტკიცებით, ჯგუფის მიზანი იყო „სოციალური დაძაბულობის ატმოსფეროს შექმნა“ და ძალადობრივი პროტესტების გაღვივება, რასაც შეეძლო, ძირი გამოეთხარა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის.
მასშტაბური სპეცოპერაცია მოლდოვის პოლიციამ არჩევნების წინაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 250-ზე მეტ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. მაშინ ოპერაციის შედეგად 74 ეჭვმიტანილი დააკავეს. სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ არეულობის მომზადების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, არეულობის მონაწილეებს კი სერბეთში ამზადებენ.