მოლდოვის პარლამენტმა უკრაინასთან ტექნიკური და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
მოლდოვის პარლამენტმა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინასთან სამხედრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ტექნიკური და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიცავს სათვალთვალო და საჰაერო სივრცის დაცვის ტექნოლოგიების განვითარებას.
რატიფიკაციას ცხარე დებატების შემდეგ 101-ადგილიანი პარლამენტის 56-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროსა და მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ (PAS) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლდოვას უკრაინის გამოცდილება სჭირდება, განსაკუთრებით დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალისტებმა და კომუნისტებმა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ნეიტრალიტეტის დამატებითი გარანტიები მოითხოვეს.
როგორც მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, გენადი კოჟოკარუმ განაცხადა, უკრაინის გამოცდილება უნიკალურია და შეთანხმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობას იმ სფეროებში, რომლებიც წინა დოკუმენტებში არ იყო გათვალისწინებული.
„ჩვენ ფაქტობრივად სრული ცვლილების მომსწრენი ვართ ჩვეულებრივი ომის წარმოების წესში. დრონები, რომლებსაც ჩვენ ვუპირისპირდებით, ამ ცვლილების ნაწილია. უკრაინის გამოცდილება ამ მხრივ უნიკალურია და სწორედ ეს არის ის, რასაც ახალი შეთანხმება გვთავაზობს, რადგან ძველი შეთანხმებები სხვა რამეს, სხვა ეპოქას ეხება სამხედრო დოქტრინის თვალსაზრისით“, – განაცხადა კოჟოკარუმ.
ოფიციალურმა პირმა მაგალითად მოიყვანა აკუსტიკური სისტემები, რომლებსაც უკრაინა იყენებს ძალიან დაბალ სიმაღლეზე მფრინავი დრონების აღმოსაჩენად, რომელთა იდენტიფიცირება რადარებს არ შეუძლიათ.
თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მოლდოვამ მსგავს პროექტებზე უნდა იმუშაოს. „ამჟამინდელ პირობებში, უკრაინის გარდა არავის შეუძლია ამ გამოცდილების გაზიარება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს F-16-ის თვითმფრინავები“, – აღნიშნა კოჟოკარუმ.