მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ხელისუფლება მოწამვლაში დაადანაშაულა. პარტიების „მოქმედება და სოლიდარობა“ და „ღირსებისა და სიმართლის“ ლიდერებმა, მაია სანდუმ და ანდრეი ნესტასემ მედიასთან განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, რის შემდეგაც ანალიზებმა აჩვენა ორგანიზმში მძიმე მეტალის არსებობა, მათ შორის ვერცხლის წყლის.
პოლიტიკოსები ეჭვობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდნენ.
„მკურნალობის კურსი გავიარე და სისხლის მძიმე მეტალების შემცველობა შემცირდა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ახალმა ანალიზებმა აჩვენა, რომ მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა. ექიმები, რომლებთანაც კონსულტაცია გავიარე, ამბობენ, რომ ბუნებრივი გზით ასე მოწამვლა შეუძლებელია. ანალოგიური შეემთხვა ანდრეი ნესტასეს“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მმართველი დემოკრატიული პარტია ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციონერების განცხადებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს.
„დარჩა რამდენიმე დღე და ჩვენი მისამართით წამოვიდა სხვადასხვა, აშკარად უსაფუძვლო ბრალდებები“, – განაცხადა მმართველი პარტიის პრესმდივანმა, ვიტალი გამურარმა.
მოლდოვაში 24 თებერვალს საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად გაიმართება. პარლამენტის წევრთა ნაწილს აირჩევენ პარტიული სიებით, ხოლო მეორეს – ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით.