მოლდოველ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ვლადიმირ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა
მოლდოველ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ვლადიმირ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემზღუდველი ზომების მიღება პლახოტნიუკის კორუფციულ საქმიანობას უკავშირდება.
ვაშინგტონის სანქციები შეეხოთ ასევე ვლადიმირ პლახოტნიუკის მეუღლეს, ოკსანა კილდესკუს და მათ ორ შვილს. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოლდოველი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის კორუფციულმა ქმედებებმა ქვეყანაში კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარა.
„ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუმპირებულმა ქმედებებმა შეარყია კანონის უზენაესობა და მკაცრად დააზარალა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მას საჯაროდ ვასახელებ. აშშ მოლდოვას გვერდით დგას კორუფციასთან ბრძოლაში“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიკრობლოგ „ტვიტერში“. აშშ-ის მხრიდან მოლდოვას მოქალაქეზე ეს პერსონალური სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვადან გასული წლის 14 ივნისს მას შემდეგ გაიქცა, რაც მისმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განაცხადა. ამის შემდეგ პლახოტნიუკმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ივლისის ბოლოს კი – დეპუტატის მანდატი. 2019 წლის ოქტომბერში, მოლდოვას სამართალდამცველმა ორგანოებმა პლახოტნიუკის სამი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.