მოლდოვაში უკრაინის საზღვართან მდებარე ხუთი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეჩერებული იყო, ერთი პუნქტი კი ამ დრომდე დაკეტილია
მოლდოვაში, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის საზღვართან მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეჩერებული იყო.
ინფორმაციას მოლდოვური მედია ქვეყნის სასაზღვრო პოლიციასა და საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდა. საუბარია ოკნიცის, ატაკის, უნგურის, ბრიჩანის, გრიმანკაუცისა და კლოკუშნას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.
უკრაინის საზღვართან მდებარე ექვსი სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხუთმა მუშაობა ადგილობრივი დროით 19:20 საათისთვის განაახლა. კლოკუშნას სასაზღვრო გამშვები პუნქტი კი ამ დრომდე დაკეტილია.
საბაჟო სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საბაჟოს თანამშრომლების მითითებებს და გამგზავრებამდე ოფიციალურ წყაროებში გადაამოწმონ ინფორმაცია საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ.
უწყებებმა მოქალაქეებს ასევე მოუწოდეს, არ მიუახლოვდნენ საეჭვო ნივთებსა და შესაძლო უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებს და ასეთი ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ ნომერზე 112.
ცნობისთვის, 17 ნოემბერს, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმების ფონზე, მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევა ორჯერ დაფიქსირდა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, „გერან-2“-ის ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე ორჯერ გადაკვეთა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია „შაჰედის“ ტიპის დრონის შესახებ, რომელიც კიშინეუს ბოტანიკის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა.