მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების, ფულის გათეთრებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ ჩხრეკა მიმდინარეობს
მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების, ფულის გათეთრებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ ჩხრეკა მიმდინარეობს

მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსების, ფულის გათეთრებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის საქმის გამოძიების ფარგლებში კვლავ ჩხრეკა მიმდინარეობს.

ქვეყნის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩხრეკა ტარდება დასახლებებში – დონდიუშანსა და გლოდიანიში. საქმის ფარგლებში ეჭვმიტანილია შვიდი პირი.

„გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლინდა საეჭვო საქმიანობა, რომელიც უკავშირდება დაუსაბუთებელ გადარიცხვებსა და გადახდებს, რომლებიც გამოყენებული იყო გარკვეული პოლიტიკური პარტიების უკანონო მხარდასაჭერად“, – განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოებში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილებთან ჩხრეკის დროს აღმოჩენილია რუსული საბანკო ბარათები, მობილური ტელეფონები და მეხსიერების ბარათები. გარდა ამისა, მოლდოვის პოლიციაში აცხადებენ, რომ ქალაქ ბელცში დააკავეს 47 წლის მამაკაცი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მიზნით ამომრჩეველთა მოსყიდვაშია ეჭვმიტანილი.

სამართალდამცველების თქმით, მამაკაცი არის „ილან შორის დანაშაულებრივი დაჯგუფების“ აქტივისტი და არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი პარტიის მხარდამჭერი.

მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდის დაწყებიდან სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ორი ათასზე მეტ მისამართზე. მხოლოდ მიმდინარე კვირაში დააკავეს 74 ადამიანი ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმის საქმის გამოძიების ფარგლებში.

მოლდოვის ხელისუფლება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის კამპანიის მთავარ ფიგურანტად პრორუს ოლიგარქს, ილან შორს ასახელებს. ილან შორი 2015 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის გატანის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია. 2019 წლის ივნისში შორმა მოლდოვა დატოვა. 2023 წელს კიშინეუს სასამართლომ ქვეყნიდან გაქცეულ ბიზნესმენს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 28 სექტემბერს გაიმართება.