მოლდოვაში ოპოზიცია მაია სანდუს საპროტესტო აქციების ჩახშობის ბრალდებით აკრიტიკებს
მოლდოვაში ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს საპროტესტო აქციების ჩახშობის ბრალდებით აკრიტიკებს. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტია „სორის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 700 000 ხელმოწერაა შეგროვებული.
ოპოზიციური პარტიის წევრები მაია სანდუს ომში უკრაინის მხარეს დგომისთვის აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს მოლდოვის კონფლიქტში ჩართვის შანსს ზრდის. „როიტერის“ ინფორმაციით, მოლდოვის ხელისუფლება კონფლიქტში ჩართვას გამორიცხავს.
მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანა მუდმივი ზემოქმედების ქვეშ არის მოსკოვის მიერ მოწყობილი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული კამპანიის შედეგად, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს პრეზიდენტ მაია სანდუს მთავრობის დესტაბილიზაციას.
„ჩვენ მოწმენი ვართ დაშინების უპრეცედენტო კამპანიის მათ წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აკრიტიკებს. მაია სანდუმ და მისმა რეჟიმმა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამართლიანობას, თავისუფლებასა და დემოკრატიას დაგვპირდა, ახლა პროკურატურა, ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრი, პოლიცია და სასამართლო სისტემა რეპრესიულ იარაღად გადააქცია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ იყენებენ. ასობით ავტობუსი დაბლოკილია ათასობით პოლიციელის მიერ, რომლებსაც მაია სანდუ და მისი ოდიოზური რეჟიმი აძლევენ ინსტრუქციებს, რათა მოქალაქეებმა არ გამოიყენონ თავიანთი ფუნდამენტური უფლება, შეიკრიბონ და გამოხატონ საკუთარი აზრი“, – განაცხადა პარტია „სორის“ თავმჯდომარის მოადგილემ, მოლდოვის პარლამენტის წევრმა, მარინა ტაუბერმა.