მოლდოვასა და შეერთებულ შტატებს შორის საჰაერო ტრანსპორტისთვის „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა. დოკუმენტს კიშინიოვში აშშ-ისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. აღნიშნული დოკუმენტი საჰაერო სივრცის შესახებ გაფორმებული პირველი ორმხრივი შეთანხმებაა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ფრენების შეუზღუდავ მოცულობას და სიხშირეს, მარშრუტების გახსნის უფლებებს, ჩარტერული ფრენების ლიბერალურ რეჟიმს და ღია კოდის გაზიარების შესაძლებლობას, ანუ ერთი ფრენის ერთობლივ ოპერირებას ორი კომპანიის მიერ.
„მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და კომერციულ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური კავშირების განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის საელჩომ მოლდოვაში აღნიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლა შექმნის წინაპირობებს კიშინიოვიდან აშშ-ში პირდაპირი ფრენების დასაწყებად, ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო სერვისების ბაზრის გახსნას და კიშინიოვის საერთაშორისო მიმართულებების დივერსიფიკაციას.