მოკლული მალტელი ჟურნალისტის ოჯახმა პოლიციას უჩივლა
მოკლული მალტელი ჟურნალისტის ოჯახმა პოლიციას უჩივლა

მოკლული მალტელი ჟურნალისტის ოჯახმა პოლიციას უჩივლა. რეპორტიორის ახლობლები ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავები საქმის სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას ვერ უზრუნველყოფენ. ამის მიზეზად გარდაცვლილის ნათესავები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ პოლიციის უფროსის მთავარი მოადგილე სილვიო ვალეტა იმ მინისტრის ქმარია, რომელსაც მოკლული რეპორტიორი კორუფციაში სდებდა ბრალს.

მალტის პოლიციის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს პარლამენტშიც.

მალტელი ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია ოქტომბერში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ცნობილი რეპორტიორი მალტელი მაღალჩინოსნების კორუფციულ და დანაშაულებრივ საქმეებს იკვლევდა. მათ შორის ყველაზე ხმაურიანი მალტის მთავრობის მეთაურის ჯოზეფ მუსკატის მეუღლეს უკავშირდება. გალიცია ამტკიცებდა, რომ პრემიერის ცოლმა არალეგალურად მიიღო ერთი მილიონი დოლარი, რომელიც მას აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილის ანგარიშიდან გადაურიცხეს.