მოხუცი ალეპოდან - ამბავი ფოტოზე, რომელიც ადამიანთა სულებს ჩასწვდა
მოხუცი ალეპოდან - ამბავი ფოტოზე, რომელიც ადამიანთა სულებს ჩასწვდა

ერთი შეხედვით, ეს ფოტო ფილმის სცენას ჰგავს – არეული საწოლი, დამტვრეული ქვები იატაკზე, დაშლილი ფანჯრები და მოხუცი საწოლზე, რომელსაც ხელში ჩიბუხი უჭირავს და ძველ გრამოფონში მუსიკას უსმენს.

ეს ალეპოა, ხოლო მოხუცი – მოჰამედ მოჰიედინ ანისი, ცნობილი როგორც აბუ ომარი. ის ძველებური მანქანების კოლექციონერია. ფოტო რომელიც 2017 წლის 9 მარტს გადაიღეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ბევრმა მომხმარებელმა გააზიარა.

როგორც ჟურნალი TIME წერს, აბუ ომარის სახელზე 30 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. ის მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ალ-შაარის მეზობლად ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც მართვის სადავეები აღნიშნულ ტერიტორიაზე, მეამბოხეებიდან მთავრობის ხელში გადავიდა, იგივე ბედი ეწია ავტომობილების კოლექციასაც.

TIME-ის ინფორმაციით, ავტომობილების კოლექციის მესამედი განადგურდა ან მოიპარეს. ჟურნალთან ინტერვიუში აბუ ომართან სტუმრობის დეტალებს AFP-ის ბეირუთის ბიუროს ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იხსენებენ:

„რკინის მწვანე კარზე დავაკაკუნეთ, რომელიც თავად ომარმა გაგვიღო. ოთახში გრამოფონი იდგა. მან გვითხრა, რომ ამ მოწყობილობას ისევ აქტიურად იყენებდა, ვინაიდან მისი მუშაობისათვის ელექტროენერგია საჭირო არ იყო. რამდენიმე დისკის მოსმენა შემოგვთავაზა, თუმცა ისიც გვითხრა, რომ მოწევის გარეშე მუსიკის მოსმენა არ შეეძლო“.

AFP-ის ჟურნალისტი იხსენებს, რომ მოხუცი ძალიან იყო დამოკიდებული წარსულსა და იმ ნივთებზე, რომლებიც გასულ წლებს აკავშირებდა და რომელთა გარეშეც საკუთრ იდენტობას დაკარგავდა. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მოხუცი იჯდა დანგრეულ ოთახში და დაჟინებით ცდილობდა ცხოვრების უკან დაბრუნებას.

კითხვას, რატომ გახდა მოხუცის ფოტო ასეთი რეზონანსული, AFP-ის ჟურნალისტი პასუხობს, რომ ხალხი ძალადობის ამბებით ძალიან დაიღალა.

„ეს ფოტო ადამიანთა სულებს ჩასწვდა“ – ამბობს AFP-ის ჟურნალისტი ჟურნალ TIME-თან ინტერვიუში.

წყარო: TIME