მოგება, რომელმაც გამარჯვებულების თაობა დაბადა - 3 ოქტომბერს თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა თასის მოქმედი გამარჯვებული „ლივერპული“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს „ლივერპულთან“ ისტორიული გამარჯვების დღეა – ჩემპიონთა თასის გათამაშების 1/16 ფინალის პირველ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ ინგლისის ჩემპიონთან, „ლივერპულთან“ გასვლაზე 1:2 წააგო, 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში გამართულ განმეორებით მატჩში კი დიდი ანგარიშით დაამარცხა (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
გუნდის კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში იხსენებდა:
„მატჩამდე დიდ ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის ელჩმა ოფიციალური შეხვედრა მოგვიწყო და ჟურნალისტები რომ წავიდნენ, გვითხრა, ღიად ვისაუბროთ, „ლივერპული“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ძალიან გთხოვთ, დიდი ანგარიშით არ წააგოთო“.
ეს სენსაციაზე მეტი იყო, რადგან ფავორიტად ცხადია ინგლისური გრანდი მიიჩნეოდა , რომელიც მაშინ დაახლოებით ისეთი წარმატებული გუნდი იყო, როგორ დღეს „მანჩესტერ სიტი“ და მადრიდის „რეალი“ არიან – და ეს გადაჭარბებული შედარება არ არის. შიში კი „ლივერპულის“ შედეგებიდან გამომდინარეობდა.
მაშინ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასს ზედიზედ ორჯერ დაეუფლა – 1977 წელს ფინალში მიონხენგლადბახის „ბორუსია“ (3:1) დაამარცხა, ხოლო 1978 წელს – „ბრიუგე“ (1:0). 1981 წელს ამ ტიტულს კიდევ ერთხელ დაეუფლა, როდესაც გადამწყვეტ მატჩში მადრიდის „რეალს“ 1:0 სძლია. ინგლისელები თბილისსაც ფავორიტის რანგში ესტუმრნენ.
თუმცა, ნოდარ ახალკაცის გუნდმა პროგნოზები გადაატრიალა – კოკისპირულ წვიმაში 90 000 მაყურებლის მხარადჭერის ფონზე, „დინამომ“ „ლივერპულს“ პირველივე წუთებიდან შეუტია და მეტოქეს მტკივნეული წაგება აგემა. 54-ე წუთზე, დავით ყიფიანის გადაცემით ანგარიში ვოვა გუცაევმა გახსნა, 74-ე წუთზე, გიორგი ჭილაიას ბრწყინვალე რეიდისა და გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რამაზ შენგელიამ „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა. ხოლო მე-80 წუთზე გუნდის კაპიტანმა, ალექსანდრე ჩივაძემ პენალტი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„პოლიციელები, რომლებიც წესით უნდა აკონტროლებდნენ ტრიბუნებს და თამაშს არ უნდა უყურებდნენ, მინდორზე გამოვარდნენ და გვილოცვადნენ“ – ასე იხსენებს გამარჯევბას ვოვა გუცაევი.
სამწუხაროდ, ასეთი ძლიერი კლუბი საქართველოს აღარ ჰყავს და მსგავსი გამარჯვება მხოლოდ ოცნებაა. თუმცა, ასეთი გამარჯვებები იყო ის საფუძველი, რომელზეც საქართველოს ნაკრების დღევანდელი თაობა გაიზარდა და რომელმაც ევრო 2024-ზე გასვლით ძველი ლეგენდები გააცოცხლა.