მოძრაობა „სირცხვილია“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისიას ქმნიან
მოძრაობა „სირცხვილია“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისიას ქმნიან

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ალტერნატიულ-სამოქალაქო საარჩევნო კომისიას ქმნიან.

ინიციატორების განმარტებით, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყოს და სპეციალური ვებგვერდის საშუალებით საარჩევნო პროცესი ყველასთვის საჯარო გახდეს.

„თვითმმართველობის არჩევნები განსხვავებულ და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. ამიტომ „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ და მოძრაობა „სირცხვილია“ ახალ ინიციატივას- „სამოქალაქო საარჩევნო კომისიას“ წარმოვადგენთ. სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანი იქნება არჩევნები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ამ მიზნით 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ ძალისხმევას ვაერთიანებთ, რათა უზრუნველვყოთ წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი, მათზე რეაგირება, არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება, ასევე არჩევნების შეფასება და მიწოდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

ვებგვერდზე https://cec.org.ge საშუალება გექნებათ მთელ საარჩევნო პერიოდში იხილოთ სრული სურათი ერთ მისამართზე. კენჭისყრის დღეს ორგანიზებულად და ოპერატიულად აიტვირთება ოქმები და შედეგები, რაც ონლაინრეჟიმში ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. აგრეთვე ვებგვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს მოქალაქეების ჩართულობით ფოტო და ვიდეო მასალა აიტვირთება, რომელზეც ასახული იქნება საარჩევნო დარღვევები, რომლებსაც კვალიფიციური ექსპერტების განმარტებები დაერთვება. მოვუწოდებთ ყველას, როგორც არასამთავრობო ისე პოლიტიკურ სპექტრს, შემოგვიერთდნენ და ჩართონ თავისი წარმომადგენლები პროცესის მაქსიმალური მოცვისა და გამჭვირვალობისთვის“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელმა შოთა დიღმელაშვილმა.