მოძრაობა „ჩვენი ბათუმი“ - სასამართლომ ბათილად მიიჩნია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო
მოძრაობა „ჩვენი ბათუმი“ - სასამართლომ ბათილად მიიჩნია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოძრაობა „ჩვენი ბათუმის“ სარჩელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ე.წ. გზშ-ის მომზადება დაავალა, – ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მოძრაობის წევრების განცხადებით, სასამართლომ ბათილად მიიჩნია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. მათივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებისთვის საბოლოო სამართლებრივი გადაწყვეტილების საფუძველი.

„მოსამართლე თამარ მიშველიანმა დაავალა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადება და არასაკმარისად მიიჩნია, სამინისტროს მიერ გამოცემული სკრინინგის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მწვანე აენთო საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად ტერმინალის მშენებლობას და რის შემდეგაც ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა გასცა. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ პროტესტი ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ იყო ლეგიტიმური და ასევე ლეგიტიმაციას აძლევს შემდგომ ბრძოლასაც“, – განაცხადა ადვოკატმა ზაალ ლუხუტაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ მათთვის უკვე ცნობილია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებენ .

„ჩვენთვის ცნობილია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა სამინისტროსთვის ჯერ არ ჩაუბარებიათ სარეზოლუციო ანუ დასაბუთების ნაწილი. უცნობია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. ამის გაცნობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავემორჩილოთ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუ გავასაჩივროთ შემდგომ ინსტანციაში“, – განაცხადეს პირველ არხთან სამინისტროში.

მოძრაობა „ჩვენი ბათუმი“ ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობას პერმანენტული აქციებით აპროტესტებდა.