მოდრიჩსა და კროოსს „რეალში“ თავიანთ მდგომარეობა არ მოსწონთ #1TVSPORT
ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი უკმაყოფილონი არიან „რეალში“ თავიანთი ამჟამინდელი როლით, – წერს გამოცემა Relevo.
ორივე ნახევარმცველი გარანტირებულად ვეღარ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში ყოველ მნიშვნელოვან შეხვედრაში, როგორც ეს წინა წლებში იყო.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ბერლინის „უნიონის“ წინააღმდეგ კროოსი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მოდრიჩი კი სასტარტოში მოხვდა. „სოსიედადთან“ მატჩში სიტუაცია პირიქით იყო: კროოსი იყო ძირითადში და მოდრიჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
მოდრიჩმა უკვე განაცხადა, რომ სურს, რეგულარულად ითამაშოს „რეალში“, მიუხედავად იმისა, რომ 37 წლისაა.
„თამაში მინდა. მე კონტრაქტის გაგრძელებას მოვაწერე ხელი, რადგან მითხრეს, რომ ჩემს სტატუსში არაფერი შეიცვლებოდა“, – თქვა ხორვატმა ფეხბურთელმა.
კროოსს საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ წყაროები ირწმუნებიან, რომ ისიც იმავეს გრძნობს, რასაც მისი ძველი პარტნიორი ნახევარდაცვაში.
„რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ამბობს, რომ არ არსებობს შეშფოთების მიზეზი, რადგან ორივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იქნება ახალ სეზონში.
„ჩვენ, ყველანი, მოხარულნი და თანახმანი ვიყავით, როცა მოდრიჩმა კონტრაქტი გააგრძელა. მე შესანიშნავად ვიცი, რისი მოცემა შეუძლიათ მას და კროოსს, არ მჭირდება მათი შემოწმება. ისინი კვლავინდებურად მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან“, – განაცხადა ანჩელოტიმ.