„მოდი ღამე მუზეუმში" აქციის ფარგლებში, თელავის მუზეუმებს ათასობით დამთვალიერებელი ესტუმრა
„მოდი ღამე მუზეუმში" აქციის ფარგლებში, თელავის მუზეუმებს ათასობით დამთვალიერებელი ესტუმრა

თელავის ისტორიული მიზეუმის საგამოფენო დარბაზები და გალერეა გვიან ღამემდე სავსე იყო დამთვალიერებლით.

რეაბილიტირებული ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი მუზეუმი წელს პირველად შეუერთდა აქციას „მოდი ღამე მუზეუმში”.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპონატები, საქართველოს რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და ქეთევან იაშვილის კოლექციის გამოფენა.

მუზეუმი დღეს ათასზე მეტმა თელაველმა და ქალაქის სტუმარმა დაათვალიერა.

მუზეუმის ვიზიტორების განწყობის ამაღლებაზე ადგილობრივი მუსიკალური ბენდები ზრუნავდნენ.

აქციის „მოდი ღამე მუზეუმში“ ორგანიზატორი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.