მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღის შედეგით საქართველოს ნაკრები ლიდერ პოზიციაზეა
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები პირველ დღეს დაფიქსირებული ტრიუმფალური შედეგის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა და დიდი უპირატესობით უსწრებს რუსეთისა და თურქეთის ნაკრებებს.
6 მარტს, ქართველ ფალავნებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ჩემპიონობისათვის რამაზ ზოიძე (72 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) იბრძოლებენ, ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) იჭიდავებს, ასევე ბრინჯაოს მედლისთვის დამამშვიდებელ წრეში გააგრძელებს ბრძოლას გიორგი კურტანიძე (67 კგ).
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის მძიმეწონოსანმა ფალავანმა ზვიად პატარიძემ საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.