Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს
ამერიკელი მუსიკოსი Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება, რომლის ორგანიზატორია Flitz Collective.
Moby, რომლის ნამდვილი სახელია რიჩარდ მელვილ ჰოლი, სცენაზე 1980-იანი წლებიდან გამოჩნდა. მსოფლიოში პოპულარობა კი 1999 წელს ჩაწერილმა ალბომმა, Play-მ მოუტანა, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა.
ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა: Porcelain, Natural Blues, Why Does My Heart Feel So Bad? და Bodyrock.
კარიერის განმავლობაში Moby-მ 23 სტუდიური ალბომი გამოსცა, ხოლო მისი ჩანაწერების გაყიდვების რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. მუსიკოსი ექვსჯერ იყო „გრემის“ ჯილდოზე ნომინირებული, მიღებული აქვს BRIT Awards-ისა და MTV Europe Music Awards-ის არაერთი ჯილდო. მისი მუსიკა ჟღერს ათეულობით ფილმსა და ტელესერიალში.
კონცერტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილ კონცერტზე შესვლა 18:00 საათიდან დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ SEVDA და Circus Mircus-ი, რის შემდეგაც სცენაზე Moby წარდგება.