„მოამბე“ 57 წლის გახდა

საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 57 წლის გახდა. საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა.

სახელის იდეა თამაზ ხომერიკს ეკუთვნის, რომელიც ინფორმაციის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა. საინფორმაციო სამსახურის სახელწოდება მან ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია. პირველი ეთერი ერთი ტელეკამერით 15-მა ჟურნალისტმა მოამზადა. რეპორტაჟების ნაცვლად, ეთერში ფოტოკოლაჟები გადიოდა. მანამდე პირველ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ეთერში 1958 წელს გავიდა, „უკანასკნელი ცნობები“ ერქვა.

„მოამბემ“ ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული ეროვნული მოძრაობის, დამოუკიდებლობის პირველი წლების, აფხაზეთის ომისა და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. გადაცემას რამდენჯერმე შეუცვალეს სახელწოდება; იყო „პირველები“, „მაცნე“, „მთავარი“, თუმცა დროს მხოლოდ „მოამბემ“ გაუძლო.

დღეს საინფორმაციო გადაცემა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სტუდიიდან გადის. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციის გადაცემას რამდენიმე პლატფორმაზე ახორციელებს – ტელევიზიით, რადიოთი და ვებგვერდზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქცია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

„30 დეკემბერს ტელევიზიის დაბადების დღე აღვნიშნეთ. დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 57 წელი შეუსრულდა საინფორმაციო სამსახურ „მოამბეს“ – ამ სახელწოდებით. საინფორმაციო გამოშვების და რედაქციის დაბადებას თავისი ისტორია აქვს და ის 1968 წლიდან იწყება. სხვათა შორის, 17 წელი ამ რედაქციას ხელმძღვანელობდა თამაზ ხომერიკი, რომელმაც არაერთი ჟურნალისტი გაზარდა და, ზოგადად, მგონი, პირველი არხის სკოლა ყველა მედიას, წამყვანს ან ჟურნალისტს აქვს გავლილი, რაც ნამდვილად ძალიან სასიხარულოა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.