მოწმეთა გამოუცხადებლობის გამო, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სასამართლო სხდომა არ შედგა

15:11, 11.10.2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  დღევანდელი სასამართლო სხდომა არ შედგა,  ამის მიზეზი პროკურატურის მოწმეების სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

სხდომაზე უნდა დაკითხულიყო ერთ-ერთი მსჯავრდებული არასრულწლოვანი და მეორე მსჯავრდებული არასრულწლოვნის ბიძა. მოწმეთა სიაშია ასევე პროკურატურის ე.წ ოქროს მოწმე მ.კ, რომლის დაბარება პროცესზე ჯერ არ მომხდარა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვისთვის მ.კ, მისი ძმა, მათი მამა თენგიზ კალანდია და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში სამ დეკემბერს მისცეს. თენგიზ კალანდიასა და მისი ორი მეზობლის მიმართ გამოყენებული იყო საპატიმრო ღონისძიება. ისინი დაახლოებით ერთი თვის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და ერთ-ერთ მსჯავრდებულ არასრულწლოვანს მიმალვაში დაეხმარნენ.

პროკურორის თქმით, დღეს ბრალდების მხარეს სურდა დაეკითხა მოწმე ივანე ნაკაიძე თუმცა იგი არ გამოცხადდა. გიორგი ქობულაძე აცხადებს, რომ ასევე უნდა დაკითხულიყო გ.ბ, თუმცა სხდომაზე  არც მისი კანონიერი წარმომადგენელი  გამოცხადდა.

„შემდეგი სხდომა 16 ნოემბერს, 12:00  სთ-ზე დაინიშნა. ყველა მოწმის დაკითხვას ვგეგმავთ, თუმცა რომელ დღეს რომელი იკითხება, ზუსტად ვერ გეტყვით”- განაცხადა ქობულაძემ.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ  საგამოძიებო უწყება ხელოვნურად აჭიანურებს პროცესებს და მნიშვნელოვანი მოწმე მ.კ სწორედ ამ მიზეზით არ მოჰყავთ.

„გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების საფუძველზე,  გამოტანილი იქნება გამამართლებელი განაჩენი. ვერ მოხერხდა მოწმეების წარმოდგენა. შესაძლოა, პროცესები ხელოვნურად ჭიანურდებოდეს”, – განაცხადა იმედა ბეროშვილმა.

მსგავსი