მოსკოვის საპატრიარქო - რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ლოცვა ეკრძალებათ, მათ შორის ათონში
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში ლოცვა ეკრძალებათ. ეს განცხადება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების მდივანმა, იგორ იაკიმჩუკმა გააკეთა. მისი თქმით, მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აკრძალვას არ დაემორჩილებიან, ვალდებულები იქნებიან, აღსარება ჩააბარონ და ცოდვა მოინანიონ.
ანალოგიურ ქმედებაში შემჩნეულ მღვდელმსახურებს კი, საეკლესიო სასჯელი ელით. კერძოდ, მათ დროებით ან სამუდამოდ აუკრძალავენ ღვთისმსახურებას ან ეკლესიიდან განკვეთენ.
იმ ტაძრებს შორის, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ლოცვა აკრძალული იქნება, არის მართლმადიდებლური ეკლესიები სტამბოლში და ერთი ტაძარი ანტალიაში. აკრძალვა ასევე შეეხება რამდენიმე ეკლესიას კრეტაზე, დოდეკანისზე (მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 12 კუნძული), როდოსსა და ათონის მთაზე.
შეგახსენებთ, რუსეთის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის სრულად გაწყვეტის თაობაზე.
რუსეთის საპატრიარქო 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლში მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს. საუბარია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის, ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმა შეეძლო.
როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რუსეთი არასდროს აღიარებს ამ გადაწყვეტილებას და განხეთქილება შენარჩუნდება.