მიხეილ სარჯველაძე - გასული ღამის განმავლობაში კლინიკებში გადაიყვანეს აქციაზე დაშავებული 37 ადამიანი, მათ შორის, 12 პოლიციელი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში აქციაზე დაშავებული 37 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.
სარჯველაძის თქმით, იმ ადგილებში, სადაც აქცია იმართება, საჭიროზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.
„ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას იმის შესახებ, რა სახის სამედიცინო მომსახურება იქნა გაწეული მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით. დღესაც მოგაწვდით ამ ინფორმაციას. გასული ღამის განმავლობაში 37 ადამიანი იქნა გადაყვანილი კლინიკებში მომსახურებისთვის. მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ვფლობ ჩვენს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე დაყრდნობით, რომელიც საჭიროზე მეტი რაოდენობით არის მუდმივად განთავსებული ადგილებზე, სადაც აქციები იმართება. შესაბამისად, მთელი ამ დღეების განმავლობაში პრაქტიკულად მყისიერი სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფილია ადგილზე ყველა ადამიანისთვის, ვისაც არ უნდა დასჭირდეს. ამ 37 ადამიანიდან 24 ადამიანი გახლავთ აქციის მონაწილე, 12 არის პოლიციელი. სხვათა შორის, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც კლინიკებში შედიან პოლიციელები. მათი ტრავმები გამოწვეულია, მათ შორის, მეტალის მძიმე ნივთების სროლით და ასე შემდეგ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა ლაპარაკი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძემ მოუწოდა ყველას, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.
„კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შესაძლებლობით და უკლებლივ ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად დავიცვათ არა უბრალოდ მშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველას კარგად ესმოდეს. არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რამდენად სახიფათოა პიროტექნიკა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, გაუფრთხილდნენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.