მკვლელობისთვის გასამართლებული ოსკარ პისტორიუსი, შესაძლოა, ვადაზე ადრე გაათავისუფლონ #1TVSPORT
ექვსგზის პარალიმპიური ჩემპიონი ოსკარ პისტორიუსი, რომელიც მეგობარი გოგოს მკვლელობისთვის არის გასამართლებული, შესაძლოა, ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან.
2014 წელს, პისტორიუსს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რევა სტენკამპის არაგანზრახ მკვლელობისთვის, მაგრამ, მოგვიანებით, საქმე გადაკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობად და პატიმრობის ვადა 13 წლამდე გაიზარდა.
2021 წლის ივლისისთვის სამხრეთაფრიკელმა მძლეოსანმა ნახევარი ვადა მოიხადა. პისტორიუსის ადვოკატმა განაცხადა, რომ ახლა, მის კლიენტს აქვს ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება. მაგრამ იქამდე, სანამ სპეციალური კომისია გადაწყვეტს – იმსახურებს თუ არა პისტორიუსი გათავისუფლებას, მორბენალი დაღუპულის მშობლებს უნდა შეხვდეს. ამ შეხვედრაზე მისი საქციელი გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ.
პისტორიუსის ვადაზე ადრე გათავისუფლების საქმის განხილვა ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, მაგრამ პროცესი ჯერ შეჩერებულია.