მკვდარი ზღვის მარილის უცნაური კრისტალების საიდუმლო ამოხსნილია
მკვდარი ზღვის მარილის უცნაური კრისტალების საიდუმლო ამოხსნილია

უკვე ათასობით წელიწადია, ადამიანები აქტიურად სტუმრობენ და სხვადასხვა მიზნებით იყენებენ მკვდარ ზღვას, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მარილიან წყალსატევს.

მკვდარი ზღვა, რომელის სინამდვილეში ხმელთაშუა ზღვის წყალს გამოყოფილი ჰიპერმლაშე ტბაა, მარილიანი დროთა განმავლობაში გახდა; ამჟამად ის ათჯერ უფრო მლაშეა, ვიდრე ზღვის წყალი.

ასეთი გარდაქმნა ძირითადად ადამიანთა საქმიანობის შედეგად არის განპირობებული. მდინარე იორდანეს, რომელიც ტრადიციულად კვებავდა მკვდარ ზღვას, ათწლეულების წინ მიმართულება შეუცვალეს სხვადასხვა მიზნებისთვის; მათ შორის იყო სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და სასმელი წყალი.

მაშინ, როცა იორდანეს მტკნარი წყალი აღარ ჩადის, მკვდარი ზღვის წყალი თანდათან ორთქლდება და გზადაგზა მხოლოდ მარილის კრისტალებს ტოვებს.

თუმცა, ამ მარილის კრისტალების ირგვლივ არსებობს ერთი უცნაურობა — ისინი მკვდარი ზღვის წყალში როგორღაც გადაადგილდება, რაც უკვე მრავალი წელია, მეცნიერებს საგონებელში აგდებდა.

მას შემდეგ, რაც იორდანეს მტკნარი წყალი ტბიდან გადაამისამართეს, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მარილის კრისტალები ტბის წყლის ზედა ფენიდან დაბლა ილექებოდა, თითქმის ისე, როგორც წყალში თოვდეს, შემდეგ კი ტბის ფსკერზე აკუმულირდებოდა.

ამ ფენომენს მარილის მოქცევას უწოდებენ, მაგრამ მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, როგორ ხდებოდა ის მკვდარ ზღვაში, რადგან მათთვის ცნობილია, რომ მსგავსი პროცესი არც ერთ სხვა ჰიპერმლაშე წყალსატევში არ შეიმჩნევა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინრის, რაფაელ უილონის განცხადებით, თავდაპირველად ეს კრისტალები იმდენად პატარაა, რომ დაკვირვებაც შეუძლებელია, მაგრამ თანდათან, ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს, დაბლა მიემართება და უფრო და უფრო დიდ სტრუქტურებს წარმოქმნის.

ახალი კვლევის ფარგლებში, უილონმა და მისმა ჯგუფმა მკვდარ ზღვაში „თოვის“ ეს ფენომენი შეისწავლა და მისი მახასიათებლებიც გაარკვია.

როცა მზის სხივები მკვდარი ზღვის ზედაპირს ანათებს, წყლის ზედა ფენა უფრო თბება, ვიდრე ქვედა ფენები და წყალიც სწორედ ამ გამთბარი ზედაპირიდან ორთქლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზედა ფენა უფრო მლაშე ხდება.

გამომდინარე აქედან, საინტერესოა, როგორ წარმოქმნის აორთქლება მარილის კრისტალებს, რომლებიც შემდეგ მკვდარი ზღვის სიღრმეში მიემართება? 2016 წელს მკვლევართა ჯგუფმა პროცესის პირველი შესაძლო ახსნა წამოაყენა, ახალი კვლევის ფარგლებში კი ეს ჰიპოთეზა პირველად შეამოწმა.

ამ დრომდე, მეცნიერები მკვდარ ზღვაში მარილის მოქცევის შესახებ ვერ არკვევდნენ იმას, თუ როგორ გადაადგილდებოდა მარილი ტბის ზედა ფენიდან, რადგან როგორც წესი, თბილი და ცივი წყალი ერთმანეთს ადვილად არ ერევა.

ახალ კვლევაში, უილონმა და მისმა ჯგუფმა ამ პროცესის შესაძლო მიმდინარეობის სიმულირება მოახდინა. გაითვალისწინეს, უბიძგებდა თუ არა თბილი წყლის პატარა ნაწილებს დაბლა ჩასვლას და ცივ წყალთან შერევას ტალღები ან მოძრაობის სხვა რაიმე წყარო.

ამ პროცესში თბილი წყალი ცივდება, რაც მას თავის მარილის შემცველობის დაცლას აიძულებს; ამის შემდეგ, ეს შემცველობა ტბის ფსკერისკენ თოვლის ფიფქების მსგავსად იწყებს ჩასვლას.

როგორც ავტორები წერენ, ქვედა მიმართულებით მიმავალი მარილის ნაკადი ზდა ფენის გაჯერებას იწვევს, ქვედა ცივი ფენა კი ზეგაჯერებული ხდება და წარმოიქმნება ჰალიტი (ქვამარილი). მკვლევართა განცხადებით, სწორედ ამ ფენომენმა შეიძლება ახსნას გეოლოგიურ ჩანაწერებში არსებული სხვა მასიური მარილის სტრუქტურების წარმოქმნა.

მეცნიერთა თქმით, მსოფლიოს მრავალ ნაწილში, დედამიწის ქერქში არის მარილის სქელი დეპოზიტები, რომელთა სისქეც ხშირად კილომეტრებს აღწევს. მათი წარმოქმნის საიდუმლო კი შესაძლოა, სწორედ მკვდარ ზღვაში მიმდინარე პროცესებმა ახსნას.

რაც შეეხება თავად მკვდარ ზღვას, სავარაუდოდ, ის დიდხანს ვეღარ იარსებებს და თანდათან სამუდამოდ გაქრება.

კვლევა ჟურნალ Water Resources Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.