მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა - „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის ექვსეულშია #1TVSPORT
ნიქოზიას „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატში სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – ეს იყო პირველი შემთხვევა ამ სეზონში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ქართველებს რომ არ უთამაშიათ.
ნიქოზიას გუნდი მე-7 ტურში ლიმასოლში „არისს“ ხუთი წამყვანი მოთამაშის გარეშე ესტუმრა – მათ შორის იყვნენ ტრავმირებული მურთაზ დაუშვილი და წინა ტურის გმირი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც კვიპროსული მედის ცნობით ვირუსი აქვს. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
საკადრო პრობლემების გამო „აპოელი“ ფავორიტად არ ითვლებოდა, მაგრამ სოფრონის ავგუსტის გუნდმა პროგნოზები გააბათილა და ლუკას სოუზას მიერ 71-ე წუთზე გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 1:0.
„აპოელი“ ნიქოზიაში დაბრუნდა სამი ქულით და ეს სეზონში პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. 9 ქულით ასევე პირველად დაწინაურდა საუკეთესოთა ექვსეულში.
შეხვედრა ჩაატარა ლიმასოლის „აპოლონმაც“, რომელმაც „პაფოსი“ 2:0 დაამარცხა. აპოლონელთა განაცხადში მხოლოდ რეზი ინჯგია იყო, რომელსაც არ უთამაშია. გიორგი პაპუნაშვილი განაცხადს მიღმა უცნობი მიზეზების გამო დარჩა. „აპოლონი“ 15 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს. თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კი ტურის მატჩს 25 ოქტომბერს საკუთარ სტადიონზე ლარნაკას აეკ-თან გამართავს.