მიზნობრივი ტესტირება კიდევ გაფართოვდება და კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშების აღება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
მიზნობრივი ტესტირება კიდევ გაფართოვდება და კორონავირუსზე გამოსაკვლევად ნიმუშების აღება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიზნობრივი ტესტირება კიდევ გაფართოვდება.

მისი თქმით, უკვე შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთა წრის გაზრდას, ვისაც „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდებათ.

გამყრელიძის განმარტებით, გაიზრდება ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების ოდენობაც და ივლისის თვეში დღეში 4000-4500-ს მიაღწევს.

„ვფიქრობ, ორშაბათს მიღებული იქნება მთავრობის დადგენილება, სადაც არის ეტაპობრივად გაფართოება. ისედაც გვქონდა რეგულაციებში, რომ ცხელებით, ტემპერატურის მომატებით, ყველა რესპირაციული სინდრომით, ანუ ხველით, სუნთქვის გაძნელებით, ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაროს კორონავირუსზე ტესტირება.

ეს დადგენილი იყო მინისტრის ბრძანებით, ახლა უფრო იზრდება ნორმატიული აქტის დონე, გადაინაცვლებს მთავრობის დადგენილების სახით, რომელიც უკვე სავალდებულოა ყველასთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ხალხმა იმუშაოს, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის კარგი მზადყოფნა, დროული და სწრაფი იდენტიფიცირება, მომატებული რისკის მქონე ადამიანის იზოლირება და მკურნალობა.

„ამიტომ გამოსაკვლევი ადამიანების, შედარებით მაღალი რისკის მქონე პირთა წრე გაიზრდება. იგივე ჩვენ, მაღალი რისკის ხალხი ვართ, რომლებიც პერიოდულად უნდა ვიტესტებოდეთ – ექიმები, ექთნები, რომლებიც „კოვიდ19“-ის კლინიკებში მუშაობენ. მოგეხსენებათ, მძღოლების მუდმივი ტესტირება მიმდინარეობს.

ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმპტომებიანი ადამიანები არ გამოგვეპაროს. შემდეგ სამედიცინო პერსონალი, რომელიც გავრცელების, ასევე დაინფიცირების ერთ-ერთი წყაროა“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ ინფიცირებულების 13 პროცენტი სამედიცინო პერსონალია.

„იმიტომ, რომ ისინი წინა ხაზზე დგანან და მადლობას იმსახურებენ. მიზნობრივ ჯგუფებს ახლა ემატება დიალიზზე მყოფი ადამიანები, მათი მომვლელი სამედიცინო პერსონალი. მოხუცთა სახლებში ბენეფიციარებს ისედაც ვტესტავდით და მათ მომვლელ პერსონალს, რა თქმა უნდა. ისევ რჩება კარანტინში მყოფი ყველა ადამიანი, გასვლის წინა, მე-13 და მე-14 დღეებში, რომ არ გამოგვეპაროს რამე. ამას სხვადასხვა ეტაპზე ემატებიან ფარმაცევტები, რომლებიც ასევე წინა ხაზზე არიან. გარდა ამისა, ემატება სხვადასხვა მომსახურე პერსონალი, რესტორნების იქნება თუ სხვა.

შიდა ტურიზმი იხსნება, გიდები უნდა იქნენ დატესტილნი, ასევე ტაქსის მძღოლები. ანუ, წარდგენილია ე.წ. ეტაპობრივი გაფართოების გეგმა, რომ ჩვენ დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში, ივლისის ბოლომდე 4000-4500 ტესტირებაზე ავიდეთ დღეში, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ასევე ლოგისტიკურადაც არ არის მარტივი, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელმწიფო აქეთკენ მიდის, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფიცირებულის გამოვლენის დრო და ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირებისთვის ნაცხის აღება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ ვზრდით ასევე ე.წ. ნაცხის ასაღებ პუნქტებს, რათა ადამიანს ადვილად შეეძლოს ტესტირება. ადრე ეს იყო ცხელების კლინიკებში, კოვიდის კლინიკებში, ახლა ამის საშუალება იქნება უკვე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ანუ პოლიკლინიკებში, რათა სწრაფად მოხდეს, თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა, ჩაიტაროს ტესტი.

18 ლაბორატორია ფუნქციონირებს ამჟამად ქვეყნის მასშტაბით და დაახლოებით 24-ზე ავდივართ ივნისის შუა რიცხვებში. ამ ლაბორატორიების სიმძლავრე იზრდება. დღეს თუ ვაკეთებთ 1 500-ს, აპრილში ვაკეთებდით 500-ს, შემდეგ 1200-ზე, 1300-ზე ავედით, ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი სიმძლავრეებით ყოველდღიურად დაახლოებით 4000-4 500 ნიმუშის კვლევამდე ავიდეთ. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ დავტოვოთ მინიმალური ფანჯარა, თუ გაგვეპარება კოვიდინფიცირებული ადამიანის შემთხვევა, რომელიც შემდეგ ინფექციის გავრცელების პოტენციური წყაროა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი