მიზეზი, რატომ გამოიძახეს ნაკრებში კიტეიშვილი - „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა.
მათ შორის რამდენიმე დებიუტანტია. იყო მოულოდნელობაც – მაგალითად, ოთარ კიტეიშვილის გამოძახება: ავსტრიული „შტურმის” ნახევარმცველი ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, მაგრამ ტრავმირებული იყო.
21 თებერვალს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში 24 წლის ქართველი ნახევარმცველის გუნდმა, გრაცის „შტურმმა“ ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
კიტეიშვილი გრაცის „შტურმში“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მიზეზი ტრავმა აღმოჩნდა. გრაცელთა ოფიციალური გვერდის ცნობით, ქართველი გუნდს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარებოდა.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, საბედნიეროდ, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო – ანუ სავარაუდოდ, კიტეიშვილმა შესაძლოა, ნაკრების სამი შეხვედრიდან ერთ-ერთში მაინც ითამაშოს.