მიუნხენის მერმა დაადასტურა, „ბაიერნი“-„ატლეტიკო“ უმაყურებლოდ გაიმართება
მიუნხენის მერმა დიტერ რაიტერმა გამოაცხადა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ქალაქში კონტროლქვეშ უნდა აიყვანონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მიუნხენში 100 ათას მაცხოვრებელზე დაწესებულია ლიმიტი – კორონავირუსის 35 შემთხვევა, მაგრამ ახლა, ეს რიცხვი 42-ს აღწევს.
ამიტომაც, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო ტურის მატჩი „ბაიერნსა“ და „ატლეტიკოს“ შორის დახურულ კარს მიღმა გაიმართება. ასევე ყველა სტადიონი ბავარიის დედაქალაქში 25 ოქტომბრამდე იქნება დაკეტილი.
„ეს არის ერთადერთი ხერხი – თავიდან ავიცილოთ მატჩების გაუქმება. ეს წესი ყველა გუნდს ერთნაირად ეხება. ჩვენ უნდა აღვადგინოთ კონტროლი ქალაქში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე“, – თქვა რაიტერმა.
„ბაიერნისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 21 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. გუნდები A ჯგუფში „ზალცბურგთან“ და „ლოკომოტივთან“ ერთად ითამაშებენ.