მიუნხენის „ბაიერნი“ და ტომას ტუხელი თანამშრომლობის გაგრძელებასთან ახლოს არიან #1TVSPORT
გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ტომას ტუხელი ახლოსაა, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დარჩეს.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელები ტომას ტუხელის აგენტს უკვე შეხვდნენ და მხარეები მოვლენათა განვითარების ორ შესაძლო სცენარზე მსჯელობენ – ტუხელი გუნდის მთავარ მწვრთნელად ან კონტრაქტის ამოწურვამდე (2025 წლის ივნისი) დარჩება, ან ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდება.
50 წლის სპეციალისტმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „რეკორდმაისტერს“ დატოვებდა. ამ დროის განმავლობაში კლუბი სხვადასხვა მწვრთნელთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა შეთანხმება ვერცერთთან შეძლო.
ტუხელმა „ბაიერნი“ 2023 წლის მარტში ჩაიბარა, მასთან ერთად გუნდმა გასულ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო.