მიშელ ბაჩელეტი - აშშ-ის სანქციები ვენესუელაში მილიონობით ადამიანზე ნეგატიურად აისახება
მიშელ ბაჩელეტი - აშშ-ის სანქციები ვენესუელაში მილიონობით ადამიანზე ნეგატიურად აისახება

აშშ-ის სანქციები ვენესუელაში მილიონობით ადამიანზე ნეგატიურად აისახება. ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

მიშელ ბაჩელეტმა ვაშინგტონის მიერ დაწესებული ეკონომიკური ემბარგო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ აკრძალვები ლათინური ამერიკის ქვეყნის ყველაზე მოწყვლად საზოგადოებას შეეხება და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.

ახალი სანქციების ფარგლებში, აშშ-მა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. ამასთან ერთად, აშშ-ში მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური ოპერაციები აიკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების დროს განხორციელებული ოპერაციები.

ვენესუელას საწინააღმდეგო ემბარგო ნიკოლას მადუროს უკანონო უზურპაციას უკავშირდება, რომელიც ვენესუელაში კვლავ გრძელდება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვენესუელაში ადამიანის უფლებები გამუდმებით ირღვევა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი, თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად, ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.

აშშ 50 სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელიც ნიკოლას მადუროს მთავრობას არ აღიარებს და ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს ემხრობა.