მის დაბრუნებას სიხარულით შევხვდებით - „ტორპედოს“ გულშემატკივრები ჩხეტიანს თანადგომას უცხადებენ #1TVSPORT
მის დაბრუნებას სიხარულით შევხვდებით - „ტორპედოს“ გულშემატკივრები ჩხეტიანს თანადგომას უცხადებენ #1TVSPORT

ქუთაისელი გულშემატკივრები ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, კახა ჩხეტიანს და ასევე გუნდის ხელმძღვანელობას შეხვდნენ და ამის შესახებს აინტერესო ინფორმაცია გააჟღერეს.

„დღეს შევხვდით კახა ჩხეტიანს და ასევე ხელმძღვანელობას, უნდა იცოდეთ ყველამ, რომ ჩხეტიანი „ტორპედოდან“ თავისი ნებით არ წასულა. გორის „დილასთან“ წაგებული 0:3 ის შემდეგ დაიბარეს და გუნდიდან გაუშვეს, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ასევე ჩხეტოსთვის და მისი სტაფისთვის ეს იყო მოულოდნელი, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ამ სეზონში დავალება ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. შეგვიძლია გითხრათ ის, რაც ჩხეტიანმა გვთხოვა – რომ გუნდს ყველაზე მეტად მხარში დგომა ახლა სჭირდება და მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, „ტორპედო“ ეროვნული ლიგიდან რომ არ გავარდეს“, – წერია ქუთაისელი გულშემატკივრების გავრცელებულ წერილში.

მათ გუნდის ხელმძღვანელობის პოზიციაც გაიგეს:

„ისინი ამბობენ, რომ ჩხეტიანის გაშვების ერთადერთი მიზეზი ბოლო მატჩებში წარუმატებელი თამაშია, რომ ამ ეტაპზე გუნდის დროებითი მწვრთნელი შოთა ბაბუნაშვილი იქნება და უახლოეს მომავალში განიხილავენ როგორც ქართველის, ისე უცხოელი მწვრთნელის მოყვანას. ჩვენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავით და ვართ იქედან გამომდინარე, რომ ჩხეტიანმა ამ გუნდს, ამ ქალაქს და ამ გულშემატკივარს ენით აუღწერელი სიხარული, წარმატება და ბედნიერება გვაჩუქა, თავის სტაფთან ერთად გუნდს 3 წელიწადში 5 ტიტული მოაგებინა, სარეკორდო 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აჩუქა და ევრონტურნირებზე ყველაზე შორს, ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გაიყვანა. ჩხეტოს მწვრთნელობის დროს და მისი უდიდესი მხარდაჭერით, ისტორიაში პირველად დავიწყეთ ფანებმა ევროპაში გასვლებზე სიარული“.

ქუთაისელმა გულშემატკივრებმა გუნდის კრიზისის დროს კახა ჩეტიანის პოზიციაც გაიხსენეს: 

„შემდეგ დაიწყო პრობლემები, რომელმაც ჩვენს გუნდს ბოლო მოუღო და დიდების მწვერვალიდან უფსკრულში გადაჩეხა. თუმცა, ჩხეტო თავის გუნდთან ერთად აგრძელებდა ბრძოლას და გულშემატკივარს გვპირდებოდა, რომ გუნდს არაფრის ფასად არ დატოვებდა, სეზონს მაინც ჩაამთავრებდა და გუნდი არ გავარდებოდა. არაერთხელ იყო, როცა ძირითადმა გუნდმა უხელფასობის და გუნდში არსებული პრობლემების გამო ვარჯიშებზე და თამაშებზე უარი თქვა, თუმცა ჩხეტო და მისი სტაფი სულ პოულობდა გამოსავალს და რამდენიმეჯერ ასაკობრივი გუნდითაც კი მოუწიათ თამაში და თანაც საკმაოდ ღირსეულად.

უნდა იცოდეთ, რომ იმ უხელფასობის და გაჭირვების დრო ეს კაცი სახლებში აკითხავდა ფეხბურთელებს, ამხნევებდა, მოტივაციას აძლევდა და უნერგავდა იმედს, რომ კიდე ერთი თამაშიც ჩაეტარებინათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა, თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას თავისი გუნდის, ქალაქის და ხალხის სიყვარულის გამო. როგორც დაგვპირდა, მის მეომარ გუნდთან ერთად, სეზონი ბოლომდე მიიყვანა. ამის შემდეგ ბოლომდე ელოდებოდა, რომ გუნდს პატრონი გამოუჩნდებოდა, მაგრამ როცა ყველა იმედი გადაიწურა, წავიდა იქ, სადაც წავიდა, მაგრამ არასდროს დავიწყებია მისი ქალაქი, მისი გუნდი, მისი ჯუნგლები და უკან ისევ გაჭირვების და უიმედობის დროს დაბრუნდა. ამბობდა, თქვენ გაწყენინეთ და სულ რომ უხელფასოდ ვიყო, ბოლომდე ჩავყვები გუნდსო. ასეთი კაცია კახა ჩხეტიანი, რომელმაც „ტორპედოს“ ისტორიის ნახევარი დაწერა, მან უნდა იცოდეს, ჩვენ არ ვუბრაზდებით იმის გამო, რომ „დინამოში“ წავიდა, უნდა იცოდეს, რომ არ ვუბრაზდებით იმ პოლიტიკური თემების გამო, უნდა იცოდეს რომ გვიყვარს და მის დაბრუნებას ყოველთვის სიხარულით შევხვდებით! ეს შენი სახლია, ჩხეტო, მადლობა ყველაფრისთვის, გვიყვარხარ და ყოველთვის დაგელოდებით! ჩვენ ერთად იმხელა ისტორია დავწერეთ, რომელსაც დავიწყება და წაშლა არასდროს უწერია და დღეს რომ „ტორპედო“ ისევ არსებობს, ამაში შენი ღვაწლი უდიდესია“.

შეგახსენებთ, რომ კახა ჩხეტიანის ხელმძვანელობით „ტორპედომ“ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, 2-2-ჯერ კი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის და სუპერ თასის მფლობელი გახდა.