მიროსლავ ლაიჩაკი - გაჩნდა განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი საქართველოს მოქალაქეებმა არამიზნობრივად გამოიყენეს
მიროსლავ ლაიჩაკი - გაჩნდა განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი საქართველოს მოქალაქეებმა არამიზნობრივად გამოიყენეს

გაჩნდა განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი საქართველოს მოქალაქეებმა არამიზნობრივად გამოიყენეს, – ამის შესახებ მიუნხენში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს ამ დროისთვის არსებული რეალური პრობლემაა და დროულად უნდა გადაიჭრას, სანამ უარყოფითი შედეგი საქართველოს მთელი მოსახლეობისთვისაც არ მოჰყვება“, – განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.

ამავე საკითხზე მიუნხენში კომენტარი გააკეთა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა.

„ახლახან შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მან მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვის, როგორც წარმოგიდგენიათ, საუბრისას მე როგორც შს მინისტრი, უფრო მეტად აქტიური ვიყავი. საბოლოოდ, ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი, მათ შორის შეჩერების მექანიზმის საკითხზე.

საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას.

ჩვენ შეგვიძლია დაველოდოთ, მაგრამ რიცხვის ზრდა არის შეშფოთების საგანი. ასევე გვაშფოთებს კრიმინალის ზრდა, საქართველოს შემთხვევაში, ეს რიცხვი იმაზე მაღალია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, ასე რომ საქართველოს დიდი სამუშაო აქვს, ჩვენ ერთად დიდი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.