მიროსლავ ლაიჩაკი - ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებას სარგებელი მოვუტანოთ
მიროსლავ ლაიჩაკი - ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებას სარგებელი მოვუტანოთ

დიალოგისა და კონსტრუქციული იდეების გაცვლისთვის ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებას სარგებელი მოვუტანოთ, – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ საქართველოში არსებული გამოწვევები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საგარეო საქმეთა მინისტრთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, სადაც ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები და გზები განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლია ეუთო-ს საქართველოს მხარი დაუჭიროს, რა სფეროებშია გაძლიერება შესაძლებელი“, – აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე.

„შევეცადეთ, გამოგვევლინა, თუ რა პროგრესს შეიძლება მივაღწიოთ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დროს. ჩვენი თავმჯდომარეობის სლოგანია „ხალხი, დიალოგი და სტაბილურობა“. ხალხის ცხოვრებაზე კონფლიქტებმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოში ხალხს დავეხმაროთ. დიალოგისა და კონსტრუქციული იდეების გაცვლისთვის ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებას სარგებელი მოვუტანოთ. ჩვენთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეუთო-ს პროგრამები ხორციელდება, რაც ჩვენთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის“, – განაცხადა მიროსლავ ლაიჩაკმა.