გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მიროსლავ კლოზე, შესაძლოა, რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი გახდეს, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ.
ელოდებიან, რომ ხუთშაბათს მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ. „ლაციოს“ მფლობელი და პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო ასევე განიხილავს იგორ ტუდორის კანდიდატურას. ამასთან, სკირას ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე რომაულ კლუბს უხელმძღვანელებს ჯოვანი მარტუსკიელო, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვილი მაურიციო სარის ასისტენტი იყო.
„ლაციო“ „ბაიერნთან“ ორრაუნდიან ბრძოლაში მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, სერია A-ში კი გუნდი მეცხრე ადგილზეა და 11 ქულით არის დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას.
„ლაციოს“ ყოფილ ფეხბურთელს, მიროსლავ კლოზეს მთავარ მწვრთნელად მუშაობის მცირე გამოცდილება აქვს: ის ავსტრიულ „ალტახს“ 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის მარტამდე წვრთნიდა. ამ დროის განმავლობაში გუნდმა 24 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ ხუთჯერ მოიგო და 14 შეხვედრაში დამარცხდა.