მირიან წიკლაური - არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც „პატრიოტთა ალიანსთან“ ვთანხმდები
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მირიან წიკლაური „ქართული ოცნებიდან“ „პატრიოტთა ალიანსში“ მისი გადასვლის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ტაქტიკური გაერთიანებები უნდა ყალიბდებოდეს.
„გარკვეული საკითხებისადმი ერთნაირი დამოკიდებულების გამო ასეთი გაერთიანებები შეიძლება, შეიქმნას. მაგალითად, სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება – ეს არის სამართლიანობის აღდგენის მიმართ დამოკიდებულება, ეკონომიკის მიმართ მათი დამოკიდებულება. ამაში ჩვენი შეხედულებები თანხმდება „პატრიოტთა ალიანსთან“, თუმცა, არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც ამ ეტაპზე არ ვეთანხმები. ეს არის ფრაქციული გაერთიანება, პარტიის წევრი არ ვარ და მათ იდეოლოგიას გარკვეულწილად, შეიძლება არც ვიზიარებდე. ვერც იმას ვიტყვი, რომ დავეხმარეთ მათ, რადგან „პატრიოტთა ალიანსს“ ჩემი დასახმარებელი მე მგონი, არაფერი უნდა ჭირდეს. საკმაოდ მზარდი და რეიტინგული პარტიაა. ამიტომ, დამერწმუნეთ, ერთი პიროვნების შემატება თუ გამოკლება მაინც და მაინც დიდად სურათს ვერ შეცვლის“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.
მისივე თქმით, არ ეთანხმება „პატრიოტთა ალიანსის“ დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე.
„საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ცოტა ლოიალურები არიან რუსეთთან მიმართებით, რადგან ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ გაცილებით მკაცრია. მაგრამ ფრაქციების გაერთიანება არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ვეთანხმებოდეთ ყველაფერში, ეს არის გარკვეული ტაქტიკური და შეიძლება, დროებითი ღონისძიება, რომელმაც პოლიტიკური სურათი უნდა შეცვალოს. მე მოსკოვში ვერ ჩავალ, რადგან მე მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.