მირიან მაისურაძე ნახევარფინალში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი ფალავნები დღეს სამ წონაში – 57, 74 და 92კგ კატეგორიებში ასპარეზობდნენ. სამი სპორტსმენიდან ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ მირიან მაისურაძემ (92კგ) მოახერხა. ქართველი ფინალში გასასვლელად მომქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ირანელ გასემპოურს შეხვდა და ძლიერ მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა. მაისურაძე ხვალ ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეჯიბრზე გამომსვლელი დანარჩენი ორი ქართველი მოჭიდავე – ბექა ბუჯიაშვილი (57კგ) და გიორგი სულავა (74კგ) ტურნირზე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ორი ქართველი – ზურაბ იაკობიშვილი (70კგ) და მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.