მირჩა ჯოანა - ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან
მირჩა ჯოანა - ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან

უკრაინელმა ხალხმა აირჩია თავისუფლებისკენ, დემოკრატიასა და ევროინტეგრაციისკენ გზა. ნატო მტკიცედ დგას თქვენს გვერდით, ნატო მტკიცედ გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მირჩა ჯოანამ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმი არის უკრაინის ტერიტორია და მოუწოდებენ რუსეთს, დაუბრუნოს უკრაინას ნახევარკუნძულზე კონტროლი.

„უსაფრთხოების მხრივ შექმნილი სიტუაცია ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში, შავ და აზოვის ზღვებში ყველა ჩვენგანს ეხება. რუსეთის ქმედებებმა მიაყენა აღუწერელი ტანჯვა და დანაკარგი უკრაინელ ხალხს. ეს ქმედებები ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და წესებზე დაფუძნებელ საერთაშორისო დღის წესრიგს.

ყირიმის საკითხი არ ეხება მხოლოდ ყირიმს, ეს ეხება ყველა ჩვენგანს თავისუფალ, დემოკრატიულ მსოფლიოში. ივნისში გამართულ სამიტზე ნატო-ს ლიდერებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას და დესტაბილიზაციურ ქმედებებს, მოვუწოდებთ მათ, შეწყვიტონ ყველა უკრაინელის, მათ შორის ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევა, შეწყვიტონ საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვა, მათ შორის გახსნან წვდომა აზოვის ზღვასა და უკრაინულ პორტებზე“, – განაცხადა მირჩა ჯოანამ.

მანვე აღნიშნა, რომ ნატო ადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები.

„ჩვენ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ მივესალმებით უკრაინის ვალდებულებას აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისადმი და თქვენს ძალისხმევას, დაიცვათ თქვენი სუვერენული უფლებები და ინტერესები, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიის კანონიერი და დიპლომატიური გზით დასრულების ძალისხმევას. ყირიმის პლატფორმა ამის მნიშვნელოვანი მაგალითია. შავი ზღვის რეგიონი არის ნატო-სთვის უმთავრესი მნიშვნელობის. ამ რეგიონში მდებარეობს ნატო-ს სამი მოკავშირე – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ნატო-მ გაზარდა ამ რეგიონში თავისი წარმომადგენლბა, ნატო-ს გემები ოპერირებენ შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინასთან უფრო მეტი წვრთნებით, მეტი საპორტო ვიზიტებითა და ინფორმაციის გაზიარებით“, – განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მირჩა ჯოანამ.