მიქელთაძემ ავსტრალიაში ისევ გაიტანა - „ნიუკასლს“ ქართველის გოლმაც ვერ უშველა #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა – შედეგად, 24 წლის ქართველი თავდამსხმელი კვლავ ბომბარდირთა მოწინავე პოზიციაზეა, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა.
„ნიუკასლ ჯეტსმა“ „მაკდონალდ ჯონსის სტადიონზე“ ერთ-ერთი ლიდერი, „მელბურნ სიტი“ მიიღო. ეს ა-ლიგის მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა იყო, რომელიც იმიტომ გადაიდო, რომ ქართველის გუნდში კორონავირუსი ბევრ მოთამაშეს დაუდასტურდა.
ბექა მიქელთაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მეორე ადგილზე მყოფი „მელბურნ სიტის“ უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიკვეთა ფლორინ ბერენგერ-ბორერის გოლით მე-40 წუთზე დაწინაურდა. მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა ჯერ ჯეიმ მაკლარენმა (52) გაზარდა, შემდეგ კი მეთიუ ლეკიმ (56) კიდევ უფრო სოლიდური გახადა.
მიქელთაძემ სწორედ ამ დროს გაიტანა – ბექამ სხვაობა 59-ე წუთზე პენალტით შეამცირა და „ნიუკასლს“ თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა. მაგრამ 66-ზე წუთზე მაკლარენმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო ანგარიში ქართველის თანაგუნდელმა ანგუს ტურგატამ 84-ე წუთზე დააფიქსირა – 4:2 მელბურნელთა სასარგებლოდ.
„ნიუკასლ ჯეტსმა“ 10 ტურის შემდეგ 8 ქულა დააგროვა და 12-გუნდიანი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მაგრამ გუნდს ორი მატჩი ჩასატარებელი აქვს და მოგების შემთხვევაში მეოთხე ადგილზე დაწინაურების შანსი გააჩნია.
ბექა მიქელთაძემ 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ავსტრალიის ნაკრების თავდამსხმელს, ჯეიმი მაკლარენს ჩამორჩება, რომელმაც ამ მატჩში დუბლის წყალობით 7 გოლი დააგროვა (ოღონდ 9 მატჩში) და პირველ ადგილზე დაწინაურდა.