გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ ბელგიის თასის მერვედფინალში გავიდა, საამისოდ კი ქართველის გუნდს „სენ ტრუიდენის“ სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა.
გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა შეხვედრაში, რომელშიც მისმა გუნდმა „სენ-ტრუიდენი“ საშინაო სტადიონზე მიიღო. თუმცა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის ანგარიში 1:2 იყო. „სერენმა“ მე-80 წუთზე იუსუფ მასიზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. მალე გატანა ქართველ თავდამსხმელსაც შეეძლო, რომელმაც მცველები დააწვინა, მაგრამ მეკარე კარგად გადაეფარა და სტუმრები გოლისგან იხსნა.
ანგარიში აღარ შეცვლილა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც იუსუფ მასიზმა დუბლი გაიფორმა, გუნდს გამარჯვება მოუტანა და მერვედფინალში გაიყვანა 3:2.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩამდე გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ 1/16-ფინალში დაბალი ლიგის „ბელისია ბილზენი“ 4:0 დაამარცხა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა ხანგრძლივი უგოლო სერია შეწყვიტა და ბურთი გაიტანა.