მიქაუტაძე ისტორიის ნაწილი გახდა - ლიგა 2-მა ჰეთ-თრიქების სტატისტიკა გამოაქვეყნა #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ბოლო ტურში „პარიზთან“ გიორგი მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი გამოარჩია და „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის წარმატებული თამაშის გამო ლიგის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
„2006/2007 წლების სეზონიდან მოყოლებული, ლიგა 2-ში 72-მა მოთამაშემ მოახერხა ჰეთ-თრიქის შესრულება. ნახეთ სრული სია „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის უახლესი გოლების ჩათვლით“, – წერია ლიგა 2-ის გვერდზე.
ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქართველის შედეგიანობა შემთხვევით არ გამოარჩიეს. ლიგა 2-ში ბოლო 16 წელიწადში ჰეთ-თრიქი იშვიათობა გახდა. საშუალოდ, სეზონში მეტოქის კარის სამჯერ აღებას ფეხბურთელები 4,5-ჯერ ახერხებდნენ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქი ლიგა 2-ის მე-15 ტურში, „პარიზთან“ გასვლით მატჩში შეასრულა და „მეცის“ გამარჯვებაში (4:1) მთავარი როლი ითამაშა. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი საერთაშორისო ანალიტიკურმა ვებ-გვერდმა Sofascore-მა საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურის მოთამაშედ აღიარა და სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა ბრძოლაში მესამე ადგილზეა.