მიქაუტაძე ბელგიის სიმბოლურ ნაკრებშია - გიორგი ტურის მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო სპორტული პორტალის „სოპა სქორის“ შეფასება.
სპორტულმა პორტალმა „სერენის“ ქართველ თავდამსხმელს, რომელმაც ბოლო ტურში „ზულტე ვარეგემთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, გასაოცარი შეფასება დაუწერა – 10-ბალიანი სისტემით 9,2 ქულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
ეს ბელგიის ჯუპილერ ლიგის მე-10 ტურში საუკეთესო შეფასება იყო. ანალოგიური ქულა მხოლოდ ანტუან ბერნიემ მიიღო, რომელიც „სერენში“ ქართველი თავდამსხმელის თანაგუნდელია. მან „ზულტე ვარეგემთან“ მიქაუტაძის ჰეთ-თრიქში დიდი როლი ითამაშა – გიორგიმ ორჯერ მისი გადაცემით გაიტანა.
9,2 ქულა ბოლო წლებში „სოპა სქორის“ მიერ ქართველი ფეხბურთელებისთვის დაწერილი უმაღლესი შეფასებაა. კიდევ უფრო დასაფასებელია, რომ მიქაუტაძემ ეს აღიარება ბელგიაში დაიმსახურა, რომელიც უეფა-ს საკლუბო რეიტინგში მე-13 ადგილზეა და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა.
„სერენის“ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა – ჩვენი ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოს პრიშტინაში ესტუმრება.