პირველი ქართული ჰეთ-თრიქი ბელგიაში - მიქაუტაძემ „ზულტე-ვარეგემს“ ქარიშხალივით გადაუარა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჯუპილერ ლიგაში ისევ გაიტანა – ამჯერად, ჰეთ-თრიქი შეასრულა და ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის მშვენიერი განწყობით მოემგზავრება.

სერენს“ ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში გამარჯვება სჭირდებოდა და ეს 21 წლის ქართველი თავდამსხმელის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე მოახერხა.

მიქაუტაძემ და „სერენმა“ დღეს „ზულტე-ვარეგემს“ უმასპინძლა (სადაც ტრავმის შემდეგ ლუკა ზარანდია ჯერ არ თამაშობს) და 5:1 დაამარცხა. გიორგიმ პენალტით ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, ხოლო 71-ე და 81-ე წუთებზე კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჯუპილერ ლიგაში პირველი ქართული ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა.

9 ტურის შემდეგ „სერენმა“ 9 ქულა დააგროვა, ქულებით „ზულტე-ვარეგემს“ დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და მე-14 პოზიციაზე დაწინაურდა. გიორგიმ კი 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ გიორგი მიქაუტაძე საქართველოში გამოემგზავრება და ვილი სანიოლის გუნდში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კვალიფიკაციის მატჩებისთვსი მოემზადება – საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოს ესტუმრება.