მინსკში პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეები დააკავა. აქცია „ნების დღე“ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლისთავს ეძღვნებოდა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, მინსკში, ოქტომბრის მოედნის მიმდებარედ სამართალდამცველებმა „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლაი კოზლოვი და „ბელარუსის ქრისტიანული დემოკრატიის“ თანათავმჯდომარე ვიტალი რიმაშევსკი დააკავეს. ამას გარდა, დაკავებულია ოპოზიციონერი აქტივისტი ალიონა ტოლსტაია, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე დააკავეს ოთხი მუსიკოსი, რომლებიც იმპროვიზებულ კონცერტში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი უფლებადამცველი ცენტრი „ვესნას“ მონაცემებით, სულ დაკავებულია 12 აქტივისტი.
ბელარუსის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში შაბათ-კვირას გაიმართა.