მინისტრმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა (ფოტო/ვიდეო)

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

„მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი მაგალითია თქვენი პროფესიონალიზმის. ამასთან, ეს წარმატება გახლავთ სამინისტროს და ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი, მიზანმიმართული მუშაობის და უპირველესად მწვრთნელთა გუნდის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მაღალპროფესიული საქმიანობის. განსაკუთრებით სასიხარულოა ოქროს მედალი, რომელიც ჩვენმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე. გენომ გაიმარჯვა ყველაზე პრესტიჟულ მძიმე წონაში, სადაც გამარჯვება კიდევ უფრო რთული და საპასუხისმგებლოა – განსაკუთრებით რთული კი ტიტულის დაცვა და შენარჩუნება. მთლიანობაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 6 მედლის მოპოვება მართლაც დიდი გამარჯვებაა.

საქართველოში ჭიდაობა ყოველთვის იყო და იქნება ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობა. მოჭიდავეები მუდმივად გვანებივრებდით გამარჯვებებით საერთაშორისო სარბიელზე და მიხარია, რომ ეს სასიამოვნო ტრადიცია გრძელდება. თქვენ ხართ ის სპორტსმენები, რომლებმაც უახლოეს დროში ჩვენს ქვეყანას არაერთი დიდი გამარჯვება უნდა აჩუქონ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

20-28 ოქტომბერს, უნგრეთის დედაქალაქმა ბუდაპეშტმა უმასპინძლა მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც საქართველოს ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრემა იასპარეზა და ჯამში 6 მედალი მოიპოვა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ამჯერად მხოლოდ 2 ბრინჯოს მედალს დასჯერდა. ბუდაპეშტში საუკეთესო იყო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. ქართველმა მძიმეწონოსანმა პირველობა არავის დაუთმო და მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 105 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.