მინიმალური მარცხი ხორვატიასთან - წლის ბოლო მატჩში კაკაბაძე დაშავდა
მინიმალური მარცხი ხორვატიასთან - წლის ბოლო მატჩში კაკაბაძე დაშავდა
საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა .ქალაქ პულას „ალდო დროსინას“ სტადიონზე გამართა – ვლადიმირ ვაისის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
 
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან საქართველოს ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ ეხმარებოდა, ხოლო ხორვატების რიგებში არ უთამაშიათ მადრიდის „რეალის“ და „ბარსელონას“ ნახევარმცველებს, ლუკა მოდრიჩს და ივან რაკიტიჩს.
ხორვატებმა უპირატესობა პრველივე წუთებიდან მოიპოვეს და სახიფათო მომენტები შექმნეს. მე-16 წუთზე ივან პერიშიჩის დარტყმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიორგი მაკარძემ გადაარჩინა.
ანგარიში კონტრშეტევაზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა – მე-19 წუთზე გიორგი პაპუნაშვილი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ დაიძრა და ზუსტად დაარტყა 0:1. ამ ეპიზოდში ხორვატების მეკარე ლოვრე კალინიჩი აშკარად შეცდა.
ხორვატებმა ზუსტად ხუთ წუთში წონასწორობა აღადგინეს – მისლავ ორსიჩის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი საკუთარ კარში გურამ კაშიამ ჩაჭრა 1:1.
პირველი ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებისთვის უსიამოვნო ამბავი მოხდა – ორთაბრძოლის დროს „ჯვაროსნების“ უალტერნატივო მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, მალე გაირკვევა.
პერიშიჩმა მეორე ტაიმში მაინც გაიტანა – ამჯერადაც კაშია შეცდა, რომელმაც ხორვატების კაპიტანს ხელი ვერ შეუშალა 2:1.
58-ე წუთზე, გიორგი ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ გათანაბრება ბაჩანა არაბულს შეეძლო, მაგრამ მცველმა დაასწრო და ბურთი მოიგერია.
ამის შემდეგ გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა მთელი ძლებით შეუტია. სახიფათო გამოდგა ოთარ კიტეიშვილის დარტყმა, მაგრამ მცველი გადაეფარა და ვითარება განმუხტა. საბოლოოდ კი, შეხვედრა ხორვატების გამარჯვებით დასრულდა 2:1.
ხორვატია – საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (18), 1:1 კაშია (24. ავტოგოლი), 2:1 პერიშიჩი (54)
19.11. პულა. სტადიონი „ალდო დროსინა“.
ხორვატია: კალინიჩი (46. სლუგა) – ბარტოლეცი (46. იურანოვიჩი), იედვაი (46. კალეტა-კარი), შკორიჩი, მელნიაკი – პაშალიჩი (76. პერიჩი), ბადელი – რებიჩი, კოვაჩიჩი (65. ვლაშიჩი), პერიშიჩი – ორსიჩი (46. როგი)
საქართველო: მაკარიძე – კაკაბაძე (39. შენგელია), კაშია, ხოჭოლავა (80. გრიგალავა), ნავალოვსკი – გვილია (83. ქვილითაია), აბურჯანია – პაპუნაშვილი (65. კიტეიშვილი), ყაზაიშვილი (87. ხარაიშვილი), ჯიღაური – ლობჯანიძე (51. არაბული)