მინიფეხბურთი | ევრო 2023-ის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
სოკა-ს ფედერაციის (International Socca Federation) ორგანიზებით, მინიფეხბურთში ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის (ევროპის თასი) კენჭისყრა გაიმართა და ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
სულ ოთხი ჯგუფი დაკომპლექტდა და სამში 3-3 გუნდი ითამაშებს, ხოლო ერთში – ოთხი გუნდი. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც პირველობისთვის კვიპროსისა და ირლანდიის ნაკრებების წინაააღმდეგ იბრძოლებს.
ტურნირს მოლდოვის დედაქალაქი კიშინიოვი უმასპინძლებს. თამაშები 29 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით გაიმართება საგანგებოდ ამ სახეობისთვის აშენებულ „იზვორის“ სტადიონზე. D ჯგუფის გამარჯვებული C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება, ხოლო D ჯგუფის მეორეადგილოსანი – C ჯგუფის გამარჯვებულს. ამ ჯგუფში კი ითამაშებენ ესპანეთის, რუმინეთის, ალბანეთისა და ლუქსემბურგის ნაკრებები.
პრესტიჟულ ტურნირში, რომელიც Socca-ს კალენდარში ყოველწლიურად ტარდება, ევროპის საუკეთესო ნაკრებები ითამაშებენ. ტურნირის ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც Socca-ს სოციალური მედიის არხებით.
სოკა-ს საერთაშორისო ფედერაცია (ISF) ჩამოყალიბდა 2017 წლის ბოლოს. თამაში მიმდინარეოიბს მინიმოედანზე, გუნდში ექვსი მოთამაშეა. სოკა-ს საერთაშორისო ფედერაციის კეთილი ნების ელჩები არიან რონალდინიო, რობერტ პირესი და რაიან გიგსი, რომლებმაც პაკისტანში 2017 წლის ზაფხულში გამართული სარეკლამო შეხვედრები ითამაშეს. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გარდა, სოკა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაც ტარდება.