მილტონ ჰეიგი - სამიდან ორ ტესტში გავიმარჯვეთ და მოგება იტალიასთანაც შეგვეძლო
მილტონ ჰეიგი - სამიდან ორ ტესტში გავიმარჯვეთ და მოგება იტალიასთანაც შეგვეძლო

ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ ტონგა დაამარცხეს. მატჩი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეაფასეს.

„სამიდან ორი ტესტში გავიმარჯვეთ და თამაშის მოგება იტალიასთანაც შეგვეძლო. ფლორენციაში ჩასვლამდე რამდენიმე მოსამზადებელი მატჩი რომ გვქონოდა, იტალიასთან შეხვედრა შეიძლება სხვანაირად დასრულებულიყო. თუკი ნულიდან ათამდე სისტემით ვაფასებთ, ამ ტესტებს რვა ქულით შევაფასებდი. იმის გათვალისწინებით ჩვენი ნაკრების საშუალო ასაკი 23.5 წელია, ძალიან კარგი შედეგი გვქონდა. შესანიშნავი მორაგბეა გურამ გოგიჩაშვილი და გუნდს კარგად შეეწყო თედო აბჟანდაძეც, რომელმაც მშვენიერი გამოცდილება მიიღო. ამ სერიებისას ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ბედნიერები ვართ, რომ კაპიტანი დაგვიბრუნდა და ნაკრებში ის საკითხები დალაგდა, რაც ლიდერს ევალება. ამ ყველაფერს ვუყურებთ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ჭრილში. იაპონიამდე ზუსტად ასეთ მატჩებში ვეცდებით, რომ ახალი რაღაცები აღმოვაჩინოთ და საკუთარი პოტენციალი უკეთ დავინახოთ. „რაგბი ევროპის“ კამპანიასაც სწორედ ამისთვის გამოვიყენებთ“, – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მერაბ შარიქაძემ აქცენტი იმ მორაგბეებზე გააკეთა, რომელიც გუნდში ახლა გამოჩდნენ და ტრავმების მიზეზით გამოწვეულ დანაკლისზეც ისაუბრა –

„ყველაზე მეტად რაც მომდის თავში არის ის, რომ დავინახე გუნდის სიღრმე. ბევრი ტრავმირებული გვყავდა, მაგრამ ფაქტია რომ ორი თამაშში გამარჯვება მოვახერხეთ. რაც მნიშვნელოვანია – ის კომპონენტები რომლებშიც ძლიერად არ ვითვლებოდით, მაგალითად ჰაერში თამაში, ბოლო შეხვედრებში ჩვენს ძლიერ მხარედ ვაქციეთ. ეს ძალიან სასიხარულოა.“

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ბორჯღალოსნების“ შემკვრელი, ბექა გორგაძე გახდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მან კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

„რთული თამაშის მიუხედავად მოგება ძალიან სასიამოვნოა და დღევანდელ მატჩს დადებითად შევაფასებდი. რაც შეეხება საშემოდგომო სერიას, იყო ტრავმები და გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაში, თუმცა სამიდან ორი მატჩის მოგება დადებითად უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება დღეს ჩემს საუკეთესო მორაგბედ დასახელებას, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან მიხარია და ვეცდები კიდევ უფრო მოვუმატო და გავახარო ქართველი გულშემატკივარი“, – თქვა გორგაძემ პირველ არხთან საუბრისას.