ნოემბრის ტესტ მატჩების მეორე შეხვედრაში სამოას დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს.
ჰეიგმა აქცენტი დებიუტანტების კარგ თამაშსა და თითოეული მორაგბის მნიშვნელობაზე გააკეთა.
„ძალიან გახარებულები ვართ, სამოას ძლიერ ნაკრებთან ეს დაძაბული შეხვედრა რომ მოვიგეთ. დღეს სამი ახალგაზრდა დებიუტანტი ვათამაშეთ და საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ამის ფონზე გამარჯვება კიდევ უფრო სასიამოვნოა. ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, გუნდს მებრძოლი ხასიათი გააჩნია და მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება და მოგება შეუძლია. თამაშში გარდატეხა შეცვლაზე შემოსულმა მორაგბეებმა შეიტანეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანამდე მოედანზე მყოფებმა მეტოქე დაღალეს და გამარჯვების წინაპირობა სწორედ ეს იყო.“ – განაცხადა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.
მერაბ შარიქაძემ პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის შემობრუნებაზე და 16 ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრაზე ისაუბრა –
„ასეთ ძლიერ გუნდთან რაც მე ნაკრებში ვარ თამაში არ მოგვიტრიალებია. გადამწყვეტი კი ის იყო, რომ როდესაც მეორე ტაიმისთვის ვემზადებოდით ყველამ ვიცოდით, რომ უნდა ვყოფილიყავით მომთმენები და თამაშის მოგება შეგვეძლო. მე ვთვლი, რომ ოდნავ გავიზარდეთ და თუკი წარსულში შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ასეთ მატჩს ვეღარ მოვიგებდით, ახლა ვიცოდით, რომ უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმის კეთება და საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწევდით.“
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ტონგას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 24 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.