მილოშ კერკეზი საქართველოსთან რთულ მატჩს ელის – კვარაცხელია-მიქაუტაძე უნდა გავანეიტრალოთ #1TVSPORT

01:09, 02.10.2026

უნგრეთის ნაკრებისა და „ლივერპულის“ მარცხენა მცველმა მილოშ კერკეზმა პარასკევს საღამოს გასამართ მატჩამდე M4 Sport-თან ინტერვიუში საკუთარ თამაშსა და საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.

„ერთა ლიგის დასაწყისი ადვილი არ ყოფილა; მეტ ქულასა და უკეთეს შედეგებს ველოდით. ​​მაგრამ ასეთია ფეხბურთი – მსგავსი რამ კლუბშიც გამომიცდია და ახლა ნაკრებშიც. ეს პროცესია, თუმცა აუცილებელია, უკეთესი შედეგების მიღწევა ახლავე დავიწყოთ.

თამაშისას მოედანზე თავს ვდებ, მაგრამ არასდროს ვარ კმაყოფილი. როგორც არ უნდა ვითამაშო, საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს ველოდები. მატჩებისთვის ასპროცენტიანი მზადყოფნას ვარჯიშისა და აღდგენის გზით ვაკონტროლებ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოედანზე რას გავაკეთებ.

საქართველოს ნაკრებს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს – კვარაცხელია და მიქაუტაძე. მაგრამ გუნდურადაც კარგად ორგანიზებულები არიან. ისინი თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლებენ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაცვის სწორ თამაშს ამ დუეტის გასანეიტრალებლად, რადგან ისინი ერთმანეთს კარგად ავსებენ.

უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ოღონდ უკეთესი შესრულებით – განსაკუთრებით საჯარიმო მოედანში და რაც მთავარია, უნდა გავიტანოთ. ცოტა დრო გვაქვს და მხოლოდ ათი დღეა ერთად ვართ, მაგრამ ყველა მაქსიმუმს დებს.

მატჩის წინ „ლივერპულში“ ჩემს თანაგუნდელ გიორგი მამარდაშვილსაც ვესაუბრე. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. თუმცა გვსურს, გულშემატკივრებს ვაჩვენოთ, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ. საჭიროა, ორთაბრძოლები და მეორე ბურთებისთვის ბრძოლა მოვიგოთ. მე თითოეულ ორთაბრძოლაში ბოლომდე დავიხარჯები და სხვებისგანაც იგივეს მოველი“.

ერთა ლიგის მატჩის ტრანსლაციას უნგრეთსა და საქართველოს შორის პარასკევს, 22:45 საათიდან, საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

მსგავსი