„მილანმა“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გააგრძელა
„მილანმა“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გააგრძელა

„მილანმა“ მთავარ მწვრთნელთან, სტეფანო პიოლისთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა. ახალი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„სტეფანომ აჩვენა, რომ შეუძლია ფეხბურთის იმ ხედვის შემოთავაზება, რომელიც ჩვენი გუნდისთვის გვჭირდება. ეს არის თანამედროვე და სანახაობრივი ფეხბურთი. კონტრაქტის გაგრძელება ეფუძნება არა ბოლო შედეგებს, არამედ იმას, რომ სპეციალისტმა შეძლო გუნდური სულისა და ერთიანობის მოტანა. პიოლიმ აამაღლა ცალკეული მოთამაშეებისა და მთლიანად გუნდის დონე“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა პიოლისთან კონტრაქტის გაგრძელებას კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივან გაზიდისმა.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, „მილანმა“ რვა მატჩი ჩაატარა, ექვსი მოიგო და ორჯერ ითამაშა ფრე.

პიოლიმ „მილანი“ 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. გუნდი მეხუთე ადგილზეა, რაც ევროპის ლიგაზე თამაშის საშუალებას აძლევს.