„მილანი“ ჩემპიონთა ლიგას იბრაჰიმოვიჩის გარეშე დაუბრუნდება - ზლატანი „ლივერპულთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT 
„მილანი“ ჩემპიონთა ლიგას იბრაჰიმოვიჩის გარეშე დაუბრუნდება - ზლატანი „ლივერპულთან“ მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამოტოვებს. 39 წლის ფეხბურთელს აქილევსის მყესი აწუხებს და ინგლისში სათამაშოდ ვერ გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბოლოს მონაწილეობა 2013-2014 წლების სეზონში მიიღო.

სტეფანო პიოლის გუნდმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. 3 ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ში „მილანს“ სამიდან სამი მოგება აქვს და 9 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში „ნაპოლისთან“ და „რომასთან“ ერთად იმყოფება. ბოლო ტურში „როსონერი“ შინ „ლაციოს“ დაუპირისპირდა და კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. ზლატანი ტრავმის შემდეგ სწორედ ამ შეხვედრაში დაბრუნდა და გოლიც გაიტანა.

სანამ ზლატანის ტრავმა გაოფიციალურდებოდა, ლეგენდარული ფეხბურთელის შესახებ კომენტარი მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც გააკეთა.

„ზლატანი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ამ თამაშს უნახავს. მან ეს იცის და ამის შესახებ ყოველთვის საუბრობს. მას ყველა ლიგაში თამაში შეუძლია და ეს განსაკუთრებული თვისებაა.“

კლოპმა პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ თუ იბრაჰიმოვიჩი ვერ ითამაშებს, მაშინ მილანურ გუნდს ოლივიე ჟირუ დაეხმარება, რომელიც ასევე შესანიშნავი ფეხბურთელია.

„ლივერპულისა“ და „მილანის“ დაპირისპირება ოთხშაბათს, 15 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.